ასონიშანი ანი და იე ერთად ქმნის წრეს, ანუ მთლიანობას. ანი დაცემის გზა, იე აღდგომის გზა (იხ. ნახ. N 2) ახლა კი შევხედოთ ასონიშანთა რიცხვებს, ანი-ს რიცხვი აქვს 1, ზემოთაც და ქვემოთაც (რიგითი და რიცხვითი). იე-ს ზემოთ აქვს 15, ხოლო ქვემოთ 60. უკვე აღვნიშნე, სულს განასახიერებს რიცხვი 1, ასონიშანი ანი განასახიერებს ადამის დაცემის გზას. გამოდის, რომ სულიერებაში მყოფი ადამი (ადამ სული, რიცხვი 1) დაეცა ხორციელ ადამად (ადამ ხორციელი, მისი სული იგივეა, ამიტომ რიცხვი 1 ისევ მას თან ახლავს). კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: ადამ სული, რიცხითი ნიშნულით 1, დაეცა და ისევ იმავე ნიშნულით 1 გვევლინება ხორციელებაში (ნახ N1). მას ხვდება სხეული 6, მაგრამ ასონიშან იოტას რიცხვებიდან გამომდინარე მას ხვდება 60. ეს შეხვედრა მე შევადარე სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრას (იხ. ნახ N2). რიცხვი 1 შემოვაბრუნე და მივუსადაგე სპერმატოზოიდის ფორმას, რიცხვი 6 შემოვსაზღვრე გარსით (რიცხვი 0), ამით ის მივუსადაგე კვერცხუჯრედის ფორმას. სპერმატოზოიდი არღვევს კვერცხუჯრედის გარსს და ერწყმის მას. ანალოგიური ჩანს რიცხვებში, შერწყმისას 1+60 მიიღება 61. აქ რიცხვ 6 -ს მოსცილდა 0, ანუ დაერღვა გარსი და მასთან აღმოჩნდა სპერმატოზოიდი, მივიღეთ ფორმა 61. შესაბამისად, ადამ სული ხორციელ სამყაროშიც სულია, ის შედის სხეულში იმავე რიცხვით 1 და ჩანს სხეულთან ერთად (61). ეს არის რიცხვითი სისტემა 61, რომელსაც ანბანის მიხედვით შეესაბამება 6-ვ და 1-ა. შესაბამისად სწორედ ის წარმოადგენს "ვა" სისტემას, ვა სოფელი, ვა-ება, ვა-ი და ა. შ.
ახლა იგივე საკითხს შევხედოთ რიცხვებით, ნახ N1 და ნახ. N2 ერთად ძალიან კარგად აჩვენებს რიცხვი 1-ის მარადიულობის არსს (სულის მარადიულობა უნდა ვიგულისხმოთ). სამოთხეში მყოფი 1 (სული) დაეცა და ხორციელებაშიც იგივე მნიშვნელობით ერთიანით შემოდის. სამოთხეში მყოფი სული და ხორციელ სოფელში მყოფი სული ერთი და იგივეა, ნიშნულით 1. დაცემულ სულს ხვდება სხეული 6, რომელსაც თან ახლავს 0. რიცხვი 0 უთითებს სხეულის ცნობიერების სიმაღლეს. სული ერწყმის სხეულს, რომელსაც ცოდნა არ გააჩნია (ყველაფერი ინსტიქტებზეა ახალშობილში, ამ ინსტიქტებს სხეულში განაპირობებს განაყოფიერებისას შესული სული). სული 1 და სხეული 60 შეერწყა ერთმანეთს, 1+60 = 61. ამ შერწყმისას ვღებულობთ სხეულში შესულ სულს, 6 და 1 ერთადაა. მაგრამ აქ საყურადღებოა, რომ წინ სხეულია (6), ხოლო მეორე პლანზე სულია (1). ამ მდგომარეობას ჰქვია "ვა" (61) სატანჯველი, ტანით დასჯილი სული, სადაც ტანი ბატონობს სულზე. სული დაბმულია ტანით, ეს არის ვა სოფლის მთავარი მახასიათებელი მდგომარეობა. შემდეგ ნახ. N2 -ით კარგად ჩანს სულის აღდგომას რაც მოჰყვება. ვა სისტემა ირღვევა და აღდგომის გზის ბოლოს გვევლინება რიცხვი 16-ით. აქ უკვე წინა პლანზეა სული (1), ხოლო სხეული (6) გადანაცვლებულია უკანა პლანზე. სული განთავისუფლდა სხეულისაგან, მაგრამ მას სულიერ სოფელში მაინც მიჰყვება სხეული (6). ეს სხეული უკვე აღარ არის ტანით დამსჯელი, ის სულის მიერ „თან წასატანისი“ ვირტუალური სხეულია (ინფორმაცია სხეულზე), რომელიც სულს მიჰყვება განკითხვისთვის. სწორედ მასზეა დამოკიდებული ცხონება-არცხონება. სამსჯავროს შემდეგ „წვის პროცესით“ სხეული (6) მთლიანად ჩამოცილდება სულს (1). ასე, რომ ჩანს ასეთი სურათი: იწყებს რიცხვი 1, რომელიც ჯერ დაეცემა, შემდეგ აღდგება, განკითხვის შემდეგ ისევ რიცხვი 1-ის სახით გვევლინება. ეს არის ანბანური მათემატიკით ნაჩვენები სულის მარადიულობა, ამ წრებრუნვაში მას ასახავს რიცხვი 1, რომელიც: იყო, არის და იქნება.
ახლა დავუბრუნდეთ მარხვას, უკვე ვთქვით, ჯვარცმა-აღდგომა მიმართულია ვა კომპლექსის რღვევისკენ. დავუკვირდეთ სიტყვას: მარხ-ვა, მაგრამ თუ ჩვენ აღვასრულებთ მას, ანუ ვინც იმარხ-ავს, თუ ი-მარხ-ავ. კიდევ უფრო თვალსაჩინოთ დავწეროთ: მარხ-ვა და მარხ-ავ. ალბათ ყველა მიხვდება აქ აშკარად ჩანს კანონზომიერება, მაგრამ ამ კანონზომიერებათა სიღრმეების გაცნობამდე ჯერ კიდევ შორს ვართ. ძალიან დიდი ცნობიერების კართან მივედით, ამ კარის გახსნით გამოჩნდება განვითარების გაცილებით მაღალ სიმაღლეზე მდგომი საზოგადოების მიერ ჩვენთვის გზავნილი სიბრძნე. ეს გზავნილი ღმრთის სიტყვად წოდებული წმიდა წერილია, რომელზედაც ძალზე დიდი ცნობიერი შრომა გაწეულა. ამ ფონზე აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ბიბლიური იგავი მთესვარსა და მომკალს შორის:
"და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ,
რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა"
(იოვანე 4-36).
"რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი"
(იოვანე 4-37).
"მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან,
და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით"
(იოვანე 4-38).
ამ იგავის შინაარსის წვდომა ხორციელი აზროვნებით შეუძლებელია, დღემდე არც იყო გახსნილი მისი მნიშვნელობა. თუ გვსურს გარკვევა რას ნიშნავს მთესვარი და მომკალი, ამ იგავთან უნდა გავიხსენოთ მდოგვის მარცვლის დათესვაც. წერის ფორმამ - მდოგჳ, გვიკარნახა სიტყვის მარცვალზე. ამის გათვალისწინებით აი, თურმე რა აზრი ყოფილა აქ ჩადებული:
მთესვარი - არის ვინც სიტყვის ცნობიერი მარცვალი დაგვითესა წმიდა წერილში.
მომკალი - არის ვინც უნდა მოიმკას ის, რაზედაც თვითონ არ უშრომია.
გარკვევით არის ნათქვამი: "სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი", მთესვარის დათესილი ყანა არის წმიდა წერილი, რომლის დასათესად უდიდესი შრომაა გაწეული, ამ საქმეში მთესვარია შრომით დამაშვრალი. მომკალის როლი მხოლოდ მათ შრომილსა შინა შესვლაა. ჩვენ მასზედ არ გვიშრომია, მაგრამ სხვის ნაშრომში უნდა შევიდეთ რათა: "მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა". კიდევ უფრო გარკვევით განვმარტავ რა ინფორმაციასთან გვაქვს საქმე:
ჩვენ (ჩვენი კაცობრიობა) არ ვართ მთესვარი, ანუ წმიდა წერილი არ არის ჩვენი დაწერილი. მისი დამწერი წინა ცივილიზაციაა, რომელიც ცნობიერებით ჩვენზე გაცილებით მაღლა იდგა. მათ წერილში დაგვითესეს ისეთი სიბრძნე, რომელსაც თუ მომკალი მიიღებს, ამით მიიღებს სასყიდელს საუკუნო ცხორებისას. ეს წერილი (ბიბლია) ერთადერთი წერილობითი გზავნილია წინა ცივილიზაციიდან, მასში დევს ყველა მათი ცნობიერი მიღწევები. ეს წერილი სპეციალურად ჩვენთვის დაწერეს (რათა ხორციელი აზროვნებით არ შევსულიყავით ცნობიერ ჩიხში), მაგრამ ეს გზავნილი დღემდე ვერ გავხსენით:
"ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა"
(გამოცხადება 5-3).
ამ იგავს კიდევ უფრო დიდი შინაარსი აქვს, ამჟამად საკითხს მეტად აღარ განვავითარებ, მხოლოდ დასკვნად ვიტყვი:
დასკვნა: წმიდა წერილი წინა ცივილიზაციის მიერ დაწერილი წიგნია.
ეს წერილი ის ბიბლიური ყანაა, სადაც მთესვარმა საუკუნო ცხორების მარცვალი დათესა, ისინი თავის შრომაში დამაშვრალ არიან, იშრომეს ჩვენთვის, რათა მომკალმა მოიღოს ცნობიერი ნაყოფი და ცხონდეს. სხვა იგავი ამბობს:
"მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ"
(მათე 9-37).
ბიბლიურ ამ ყანაში სამკალი ბევრია, მაგრამ მოსამკელად ძალზე მცირედი შრომაა გაწეული, იმდენად მცირე, რომ წიგნი გახსნილი არ არის.
ახლა შევაჯამოთ სიტყვის ჯვარცმა, რას ემსახურება ეს პროცესი: სიტყვა ღმერთია, ის ინფორმაციულად გამართული სრულყოფილი სისტემაა, მას თავისივე ღმერთული მოწყობა აქვს. ეს სიტყვა ჩვენამდე სამოთხეში მყოფი ცნობიერებიდან მოვიდა (აქვე აღვნიშნავ: ყველა სიტყვას არ ვგულისხმობ, აქ "განწმედილი სიტყვა" უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ). ასეთი სიტყვა გაზომილ-გაწონილი სისტემაა, რომელსაც ბიბლიური წერილითვე აქვს თავისვე დამწერლობითი საზომი (144) მინიჭებული, მასში ჩადებულია გაცილებით დიდი ცნობიერება, ვიდრე დღევანდელ სამეცნიერო საზოგადოებას გააჩნია. დღეს სამწუხაროდ სიტყვის წიაღიდან გამომავალი ინფორმაციების (ძალის) არაფერი გვესმის. ამ ინფორმაციათა გამოსაჩენად სიტყვა ჯვარს უნდა ეცვას, ამაშია წერილით განმარტებული კაცობრიობის ხსნის ერთადერთი გზა. რადგან არ ვიცით სრულქმნილი სიტყვის მოვლინების წინა პირობები, უნდა დავარღვიოთ სამებით ნაგები სიტყვის ტაძარი და მის ჯვარცმაში უნდა ვიპოვოთ თავის დროზე მთესვარის მიერ ჩადებული ცხორების მომცემი ნაყოფი. ამ პროცესს ემსახურება სიტყვის განტეხვა, უკვე ვაჩვენეთ განტეხვის ორი ეტაპი: სიტყვის მარცვლებად და ასონიშნებად განტეხვა. ამ პროცესის კიდევ უფრო სიღრმისეულად აღსაქმელად ვაჩვენეთ მაგალითი სიტყვაზე "მარხვა". მივუსადაგე ჯვარცმის კანონი და განტეხვის ორივე საფეხურის გათვალისწინებით ამ სიტყვიდან მივიღეთ ასეთი ინფორმაცია:
მარხვა არის პროცესი, რომელიც ემსახურება წმიდა წერილთან მუშაობას. ამ დროს უნდა შესრულდეს ხორციელ ინფორმაციათა ჯვარცმა, სულიერ ინფორმაციებში აღსადგომად, რაც შესასრულებელია მხედრულ-ასომთავრული დამწერლობითი სიწმიდის დაცვით. წერილი დაწერილია წერის ორი მექანიზმით, მხედრულით შესრულებულია ხორციელი წერილი და ასომთავრულით მასში ჩადებულია სულიერება. მხედრულით (ხილული წერილი) მოწოდებულ სიტყვათა განტეხვაში უნდა მოვიპოვოთ ასომთავრულით ჩადებული სული.
მარ - მხედრულ-ასომთავრული დამწერლობებით ღმრთის სიტყვის (იესო ნაზარეველის) ჯვარცმა, რომელიც ემსახურება ცეცხლითა და სულიწმიდით განათლების მიღებას.
ხვა - ჯვარცმული სხეულიდან აღმდგარი სული. რაც ნიშნავს სიტყვაში ჩადებულ სულიერ ინფორმაციათა გამოჩენას.
ამ დროს ხორციელი ინფორმაციები არ უნდა მივიღოთ, ანუ არ უნდა ვჭამოთ ხორცი. ეს ნაწილი დასკვნის სახით, ცალკე განსაკუთრებულად უნდა გამოვყო:
დასკვნა: მარხვის დროს ხორცის ჭამის აკრძალვა ნიშნავს, წმიდა წერილთან მუშაობის პროცესში ხორციელი ინფორმაციების არ მიღებას.
აი, რომელი ხორცის აკრძალვაა გასათვალისწინებელი მარხვის დროს, ამას თუ დავუმატებთ კლასიკურ მაგალითს იესოს მარხულობისას: მან 40 დღე იმარხულა! მარხვა უკავშირდება რიცხვ 40-ს. ეს არის 40 ასონიშნიანი დამწერლობითი სისტემით შესასრულებელი ცნობიერი პროცესი, სწორედ ასეთი სახის მარხვა განაპირობებს სატანის ჩამოცილებას იესოსგან (იესო სიტყვაა, სიტყვის ხორციელი ნაწილი რომ ჩამოეხსნას სიტყვას, სჭირდება 40 ასონიშნიანი დამწელობითი სისტემის სიწმიდის დაცვით მარხვა). ქართული დამწერლობითი 40 ასონიშნიანი სისტემის სიწმიდის დაცვა განაპირობებს სატანის ჩამოშორებას. ასე, რომ მარხვა აღმოჩნდა წმიდა წერილთან მუშაობის წესი, რომელიც ემსახურება სიტყვის ხორციელი ნაწილის მიუღებლობით, მასში ჩადებული სულიერი ნაწილის მიღების წესს, ამიტომ ამბობს წერილი:
"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ,
რაჲ-იგი მას შინა წერილ არს"
(გამოცხადება 1-3)
დიახ, მარხვა წმიდა წერილიდან წმიდა ცნობიერების მიღების წესია, რომლის დაცვის შემდეგ ხდება ზიარება. ვფიქრობ უკვე მარტივი მისახვედრია მარხვის დაცვის შემდეგ რას უნდა ვეზიაროთ. ეს უკვე აღნიშნავს წმიდა წერილის სულიერ ინფორმაციებთან ცნობიერ ზიარებას.
ახლა შევხედოთ როგორ განმარტავს სასულიერო სწავლება თუ რა არის მარხვა. მართლმადიდებლური კატეხიზმოში ვკითხულობთ: "როცა ჩვენ ამ ქვეყნიურ სიამეებს - საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი, მას ეწოდება მარხვა".
არსად წმიდა წერილში არ წერია შვებაზე, გართობაზე, საჭმელზე თავის შეკავება მარხვააო. სასულიერო სწავლებამ ის ნაწილი კი გაიგო სწორად, როცა უფალი ამბობს:
"მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი"
(მათე 26-26).
აქ კი მიხვდა სწავლება, რომ უფალი ადამიანის ხორცის ჭამაზე არ გვესაუბრება, მაგრამ როცა საუბარი შეეხო მარხვის დროს ხორცის არ მიღებას, აქ რატომღაც პირდაპირი გაგებით ხორცი იგულისხმა.
ახლა შევხედოთ, როგორ განმარტებებს აძლევენ წმიდა მამები მარხვას:
ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება.
აბბა პიმენი
გადამეტებული საკვები სხეულს მეტისმეტად გადატვირთულ ხომალდს ამსგავსებს, რომელიც ტალღების მცირეოდენ მოძრაობაზეც კი ფსკერზე ეშვება.
აბბა ლეონტი
დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი
საზრდელის მიღება შეზღუდე მაშინ, როცა კიდევ მცირედის მიღება გსურს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონების მიხედვით უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა. აქედან გამომდინარე, უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
აბბა ლეონტი
აქ ჩამოვთვალე მარხვაზე ის განმარტებები, რაზედაც ხელი მიმიწვდებოდა, ამ განმარტებების თაობაზე აუცილებლად მინდა გავაკეთო განცხადება:
ეს განმარტებები ყველა „ზრახვაჲ ჴორცთაჲ“ არის, არცერთ მათგანს მარხვის სწორი განმარტების მოცემა არ შეუძლია.
ამ ფონზე ფრიად მნიშვნელოვანია წმ. მამის ბასილი დიდის განმარტება:
„რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ“.
აქ მინდა ყურადღება მივიპყრო ერთ საკითხზე: სამოთხეში დარღვეულ მარხვაზეა საუბარი. თუ მარხვა ხორციდან თავისშეკავებაა, ადამს და ევას ხორცის ჭამიდან თავისშეკავება ჰქონდათ დაწესებული? რატომ ჰგონია სასულიერო მოძღვრებას ხორცის ჭამა, არჭამა განსაზღვრავს მარხვას? ადამს და ევას აკრძალული ჰქონდათ „ხე ცნობადისა“ ეჭამად ნაყოფად. რა არის ხე ცნობადისა? ეს ხე გამოვიდა ვენახი, ანუ წმიდა წერილი (იხ. ბიბლიური ვენახი). ადამს და ევას აკრძალული ჰქონდათ ამ ცნობადობის ხისაგან ნაყოფის მიღება (ხორციელ ნაყოფად არ უნდა მიეღოთ). ამ ხის ხორციელ ნაყოფს პავლე მოციქულის სიტყვებით ჰქვია "ზრახვაჲ ჴორცთაჲ", აი, ამ ხორცზე ამბობს მოციქული: მოკვდით სიტყვის ხორციელებიდანო, რათა ნაყოფი გამოიღოთ ღმრთისაო. "ხე ცნობადობის" ხორციელ ნაყოფად მიღება იყო აკრძალული, სწორედ ამდაგვარ ინფორმაციათა არ ჭამა არის სამოთხისეული მარხვა. დღესდღეობით კაცობრიობა არღვევს ამ მარხვას, ის ჭამს ბოროტი ცნობადობის მომცემ, აკრძალულ ხორციელ ნაყოფს, ამით ზრახავს ხორცითა, მან ვერ გახსნა სულიერი ცნობადობის მომცემი წიგნი.
ერთადერთი გზა, როგორც წმიდა მამა ბასილი დიდი ამბობს, რათა დავბრუნდეთ სამოთხეში არის მარხვა. ეს მარხვა სიტყვის ჯვარცმის კანონით სრულდება, ამ დროს უნდა მოვკვდეთ ხორცითა (სიტყვის ხორცი არ უნდა ვჭამოთ) და სიტყვის წიაღიდან სულიერი ნაყოფი გამოვიღოთ.
ამ სიტყვის (მარხვა) ჯვარცმის კანონით მიღებამ დაგვანახა, რომ მარხვა წმიდა წერილთან ცნობიერი მუშაობის წესია და ამ წესით ხორცის ჭამის აკრძალვა ნიშნავს: სიტყვის ხორციელ ინფორმაციათა არ მიღებას. ამ დროს ფიზიკური ხორცის არ შეჭმით, მაგრამ წმიდა წერილიდან მაინც ხორციელი ინფორმაციების მიღებით მარხვის წესი უცილობლად დარღვეულია. სწორედ ამ წესის შეუსრულებლობამ გამოიწვია წიგნის გაუხსნელობა, რამეთუ არ სრულდებოდა მარხვის წესის მთავარი პრინციპი:
"მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა"
(ჰრომაელთა 7-4).
სიტყვის ჯვარცმის კანონი, ბიბლიური წერილის წერის ყველაზე დიდი საიდუმლოა, პრაქტიკულად ამ ნაშრომით გახსნილ-განმარტებულია 7 ბეჭდის საიდუმლოთაგან პირველი ბეჭედი. ზუსტად ამასვე მოწმობს უფლის მიერ ავგაროზს მიწერილი წერილი:
"ხოლო ბეჭედთა ახსნა არს ესე: ჯვარი ვიდრე მე ცხად ყოფს, ვითარმედ ნებსით დავემსჭვალე მას ზედა" (ავგაროზი)
იესო ქრისტეს მიერ ავგაროზს მიწერილ წერილში მითითება ეხება შვიდივე ბეჭდის საიდუმლოს, პირველ ბეჭდად დასახელებულია ჯვარი და გვკარნახობს ჯვარცმის საიდუმლოს. ჩემს მიერ განხილული თემა სიტყვის ჯვარცმაზე ზუსტად ამ საიდუმლოს განმარტებას წარმოადგენს. ვთვლი, რომ კაცობრიობის ცნობიერი განვითარების ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად დარჩება შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი წიგნის პირველი ბეჭდის ახსნა. ჩემს მიერ განვითარებული თემა, სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო, წარმოადგენს სწორედ პირველი ბეჭდის საიდუმლოზე პასუხს.
დასკვნა: 7 ბეჭდით დაბეჭდილი წიგნის პირველი ბეჭდის საიდუმლო: სიტყვის ჯვარცმის კანონია.
ვთვლი, რომ სიტყვის ჯვარცმის კანონის საიდუმლო დიდი მნიშვნელობის საკვანძო საკითხია, ამიტომ ყველაფერს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხიდან.
დავუშვათ, რომ გვაქვს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ვართ თითქმის სამოთხის ცნობიერების დონეზე და ხდება ასეთი რამ: მოსალოდნელი კატასტროფის მოლოდინში უნდა დავწეროთ წიგნი და მასში ჩავდოთ ყველაფერი ის, რაც სამყაროს მთლიანობის შეცნობამ მოგვცა. ეს სჭირდება მომავალ თაობას, რათა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვინც გადარჩება ექნეს შესაძლებლობა, ეზიაროს ამ სიბრძნეს. წიგნი უნდა დაიწეროს ადამიანის მსგავსებით, როგორც ადამიანს აქვს სხეული და სული, ისეთივე მოწყობით არის შესასრულებელი წერილი. როგორც ადამიანს დაუდგება სხეულის კვდომის დრო და სული აგრძელებს სიცოცხლეს, მსგავსად ამისა წერილის ხილული ნაწილისთვის უნდა გავითვალისწინოთ "მელნით ნაწერი წიგნის" ჯვარცმის (სიკვდილის) ეტაპი, რათა სულიერი ინფორმაციებით გაგრძელდეს მისი სიცოცხლე. მრავალი ასეთი მსგავსება უნდა იქნას გათვალისწინებული. ინფორმაცია უნდა ჩაიდოს კოდირებულად, ამ ურთულეს ზე-მეცნიერულ კოდირებულ წერილს ინფორმაციის გამხსნელად უნდა მიესადაგოს წაკითხვის თავისივე წესი. ეს წესი შეფარებულად უნდა ჩაიდოს წერილში და გამოხატული უნდა იყოს ერთი სიტყვით. სიტყვა უნდა იტევდეს ძირეულ ორ ინფორმაციას. ე.ი. უნდა იყოს ორმარცვლიანი, უნდა ასახავდეს სხეულის ჯვარცმას და სულის აღდგომას. მასში ჩადებული უნდა იყოს სულიერ-ხორციელი სამება, ამ ინფორმაციებს უნდა ემსახურებოდეს ორი დამწერლობითი საფუძველი, გარდა ამისა ამ სიტყვაში ჩადებული უნდა იყოს არსთა სამყაროს კანონთა ცოდნა, ანბანური კანონზომიერება, რიცხვთა სისტემის ჰარმონია და ა.შ. მრავალი სხვა წვრილმანი ნიუანსი. ჩამოთვლილ ყველა კანონზომიერებათა ჯაჭვი, ამ სიტყვას დაგვაწერინებდა ორი მარცვლით, 6 ასონიშნითა და ასონიშანთა დალაგების მხოლოდ ამ ფორმით:
მ - ა - რ - ხ - ვ - ა
ეს არის სიტყვის მოვლინების კანონიც და დოგმაც. ეს მკაცრი ჰარმონიული კანონზომიერება ჯვარცმის კანონით არის გამოჩენადი და უკუსვლით მამასთან მისვლით ამოხსნადი.
"ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა."
(მარკოზი 9-29)
"ნათესავი" ანუ მარცვლებად დათესილი სულიერი ინფორმაციები, ვერ შესაძლებელ არს "გან-სლვად" ანუ სულიწმიდით ინფორმაციათა გადმოცემაზეა საუბარი. ეს შესაძლებელია მხოლოდ ლოცვითა და მარხვითა, უკვე ყველა უნდა მიხვდეს, რომ ლოცვაც და მარხვაც არის პროცესი, რომელიც ემსახურება წმიდა წერილიდან სულიერი ინფორმაციების მიღებას. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილოთ სიტყვაზე განსლვა, რომელი სიტყვაც თანამედროვე ქართულში დამახინჯდა და შეიცვალა ამ ფორმით: განსვლა. მთელი შინაარსი კონცენტრირებულია "ვა" სისტემაზე. ის განასახიერებს სულისა და სხეულის ერთობას, წმიდა წერილი წარმოადგენს მარცვლებად დათესილ ნათესს (ყანას) და ამ ნათესიდან სულიერი ინფორმაციის აღება (მკა) შეიძლება მხოლოდ ლოცვითა და მარხვითა.
ბოლოს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რა არის ჯვარცმის არსი: მსგავსად ატომის გახლეჩისა, რათა ვიპოოთ მასშიც ჩადებული კანონზომიერებანი, ასეთივე პროცესს ემსახურება სიტყვის ჯვარცმა. ამით გამოვიძიებთ სიტყვის წიაღს და ვიპოვით ძალს. მამა - ასონიშნებით (ცეცხლით) და რიცხვთა სისტემით (სულიწმიდით) მივიღებთ უფრო დიდ ნათლიღებას (განათლებას), ვიდრე წყლით ნათლიღების პროცესია. ამით აღვადგენთ სიტყვას პირვანდელი დიდებით, ანუ ჩავწვდებით სიტყვის აგების წინაპირობის არსს. მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება გახსნის გაუხსნელ წიგნს, რომელიც გაცილებით უფრო დიდი საგანმათათლებლო ნათელის მომცემი იქნება, ვიდრე დღემდე მიმდინარე სწავლებით გვეწოდება განათლება გაუხსნელი წიგნიდან.
ზაალ ლომსიანიძე, წმიდე წერილის მეცნიერული კვლევის საზოგადოება:
"მეცნიერება უკეთესი მომავლისთვის"