მთა მაღალი, ყველა ანბანზე მაღლა მდგომი ასო-მთა-ვრულია. მხოლოდ ამ ანბანიდან სჩანს „ქალაქი წმიდა იერუსალჱემი გარდამომავალი ზეციდან“ ამ ქალაქის ზღუდეა 144. ამით ნათქვამია უკვდავების წყლის ადგილსამყოფელი. ზეციური იერუსალჱმი ანი და ჰოეს ასონიშანთა ქალაქია, სწორედ მას გააჩნია უკვდავების წყალი, ვინც ამ წყალს შესვამს მიიღებს იმ ცოდნას, რომელის საუკუნო ცხორების მომცემია.
ამ წყალზე ამბობს იოვანე შავთელიც:
"იკითხვენ, სწერენ, თაყუმსა სჩხრეკენ,
რამლს ჰკვრენ არჩევენ ბედთა მათთაგან
ჩვენ რომ გვესმისა, წყაროდ გვესმისა
სამოთხის წყლისა ცხოველისაგან"
1. შავთელიც წყალ ცხოველს წაკითხვასთან და დამწერობასთან აკავშირებს.
2. ჩვენ რომ გვესმის, იგულისხმება ქართული ენა, ის „სამოთხის წყლისა ცხოველისაგან“ არისო.
ამ წყალთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გასაანალიზებელია მისი შესაძლებლობა, მოგვცეს „საუკუნო ცხორება“. სჩანს ასეთი აზრი: თუ ამ წყალს შევსვამთ შევალთ მარადიულობაში და აღარ მოგვწყურდება უკუნისამდე. ისმის კითხვა: მარადიულობას დასაწყისი აქვს? წყალი ცხოველის შესმა ამ მარადიულობის საწყისი წერტილია? იქნებ ჩვენ არ გვესმის მარადიული ცხორების არსი? თუ სამყარო შექმნილია, მაშინ ის არ არის მარადიული. მაშ სად არის მარადიული სამყოფელი?
მეცნიერება და სულიერი სწავლება ამბობს სულიერი სამყარო მარადიულია, ხოლო ხორციელი არა, მაგრამ სამყარო ერთად აღებული სულიერი და მატერიალური სამყაროს ერთარსია. როგორ შეიძლება სამყაროს მთლიანობის ნაწილი იყოს მარადიული და მასზე ვამბობდეთ არ არის მარადიულიო. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ვამტკიცოთ: ადამიანის მარჯვენა ხელი მარადიულია და მარცხენა არ არის მარადიული. დღეს ჩვენ ვამბობთ სამყარო შექმნილია, გადავამოწმოთ რამდენად სწორად ვაზროვნებთ:
სასულიერო სწავლებამ დასვა წერტილი ძველი წელთაღრიცხვის 5604 წელზე და თქვა: აი, დასაბამი, აქედან მოვდივართ ჩვენ. მეცნიერება სხვა თარიღს ასახელებს, სამყარო მრავალი მილიარდი წლის წინ შეიქმნა დიდი აფეთქებითო. მიუხედავათ დიდი განსხვავებისა ისინი, მაინც ერთიდაიგივეს ამბობენ: სამყარო შექმნილია. გადავშალოთ წმიდა წერილი და ვნახოთ პირველივე ციტატა:
"დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“
(დაბადება 1-1)
განვიხილოთ რა არის დასაბამი, 1986 წლის გამოცემა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტული სარედაქციო კოლეგიით გვიხსნის: დასაბამი არის დასაწყისი, სათავე. თუ ეს სწორია, მაშინ სამყარო ნამდვილად შექმნილი გამოდის.
რადგან ვიცი, რომ წმიდა წერილი ამდაგვარ ფორმულირებას არ იძლევა, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, დასაბამი არ არის სწორად განმარტებული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სარწმუნო წყარო ამ საკითხის გასარკვევად არის წმიდა წერილი, ამიტომ დავეკითხოთ მას: ავიღეთ ორი ციტატა და შევადარეთ ერთმანეთს;
1. "მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი" (გამოცხადება 1-8)
ღმერთი ამბობს ანი და ჰოე ვარო, რომელიც იყო, არის და იქნებაო. აქ ნათქვამია ანი და ჰოეს მარადიულობა.
2. "ვიქმენ მე ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული"
(გამოცხადება 21-6)
თუ დასაბამი დასაწყისია, მაშინ ამ ციტატით, ანი და ჰოე აღარ ჩანს მარადიული.
გამოდის წმიდა წერილი თავის თავს ეწინააღმდეგება, ერთ შემთხვევაში ამბობს ანი და ჰოე მარადიულიაო, მეორეში კი ამბობს პირიქით, არ არის მარადიულიო.
რათქმაუნდა მისაღებია ყველა რელიგიური და მეცნიერული მსჯელობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება წმიდა წერილს. იმის მტკიცება, რომ დასაბამი არის დასაწყისი, უკვე წინააღმდეგობაში მოვიდა თვითონვე წმიდა წერილთან. აშკარად გამოჩნდა, რომ დასაბამი არ არის სწორად განმარტებული. ამ საკითხის გასარკვევად ინფორმაცია ისევ წმიდა წერილში უნდა მოვიძიოთ, ვნახოთ როგორ ასპექტში იყენებს ამ სიტყვას ბიბლია.
"დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ"
(ფს-ნი 110)
"რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა"
(ებრაელთა 2-3)
ხომ საინტერესოა! დასაბამი მტკიცდება მსმენელთა მომართ. ამ სიტყვის შინაარსი უკვე სულ სხვა აზრს იძენს.
"და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამენ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი,
დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ"
(გამოცხადება 3-14)
სიტყვად მოღებული დასაბამი, მსმენელთა მომართ დამტკიცებული დასაბამი, სიბრძნის დასაბამი. კარგად გამოჩნდა, რომ სამყაროს შექმნასთან და საწყისთან ამ სიტყვას არავითარი კავშირი არ აქვს. ამჟამად სასულიერო მწერალ იოვანე შავთელსაც მოვუსმინოთ:
"აქვს მას დაბეჭვდით, სმენით და ხედვით
სიბრძნის დასაბამ __ შიში უფლისა"
იმეორებს, რა ბიბლიურ მოცემულობას, დამატებით ერთ ძალზე საინტერესო საკითხს აჟღერებს:
"ზირაქს კრონოსით, ზინონს ენოსით
სწავლა დაებმის, ბრგვნილ-ჰყოფს ენითა"
შავთელიც დასაბამს სიბრძნესთან, სწავლასთან და ენასთან აკავშირებს. ძალზე მკაფიოა პარალელი: სიბრძნის დასაბამი და სწავლის დაბმა. შავთელი არ არის უბრალო ფიგურა სასულიერო მწერლობაში, მას კარგად ესმის სულიერება, რაც ჩანს კიდეც მის ლექსში.
გაცილებით უფრო საინტერესოა სულხან-საბა ორბელიანის განმარტება:
დასაბამი - პირველთქმული
ამ სიტყვის ქვეშ მითითებული აქვს სიტყვა მიუწვდომელი, რომელიც თავის მხრივ ასე აქვს განმარტებული:
"მიუწვდომელი ორად ითქმის: დასაბამი და დასასრული".
მიუწვდომლობა მარადიულობის მახასიათებელია. ამ ფონზე ძნელია დასაბამი საწყისთან გაიგივდეს. აქვე არის განსაკუთრებული ფრაზა: დასაბამად ვითარ ზეშთა შევიდეს გონება ღმრთისად. რას ნიშნავს გონების ღმრთისად შესვლა? გავიხსენოთ ტოლობა: ღმერთი არის სიტყვა. უკვე გასაგებია, როდესაც გონება შევა სიტყვის არსში... ამას მოისაზრებს დასაბამად. ამის შემდგომ წერს:
"ხოლო დასასრული შემდგომად უკვდავებაა"!
ანუ როცა გონება გაერკვევა სიტყვის არსში - ისაა უკვდავებაო! წვდომა ამ დასაბამისა, მისი სიღრმისეულად აღქმა, უკვდავების მომცემიაო. ორიგინალურია, თანაც სწორი, რადგან მიჰყვება წმ. წერილის არსს. დასაბამი სიბრძნისა გონებით სიტყვის არსში შესვლაა, ამის შემდგომ მოდის უკვდავება. აი სად დევს უკვდავების წყალი! გამოდის, რომ აქამდე ჩვენ არ გვესმოდა რა იყო ბიბლიური დასაბამი, დასასრულიც და უკვდავებაც. მაგრამ ამჯერად განვიხილავთ მხოლოდ დასაბამს.
დასაბამი სიბრძნესთან, ენასთან და შავთელისეულად ცოდნასთან დაკავშირებული სიტყვაა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სამყაროს შექმნასთან. გავიხსენოთ უკვე ნაჩვენები ორი ციტატა, ერთში აშკარად ჩანს ანი და ჰოეს მარადიულობა, მეორეში კი თურმე რა წერია:
"ვიქმენ მე ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ"
(გამოცხ. 21-6)
სიტყვის არსში გონებით შესვლა ანი და ჰოე-თი ხდება, ეს არის სიბრძნის ანუ ცოდნის დასაბამი, ანი და ჰოე იძლევა წყალ ცხოველს, რომლის შემდგომად უკვდავებააო!
კიდევ უფრო მეტი: თუ დასაბამს ჩამოვაშორებთ პირველ მარცვალს მივიღებთ საბამს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონით არ არის ახსნილი რას ნიშნავს. სამაგიეროდ სულხან-საბა ასე განმარტავს:
საბამი - ყელსაბამი, ჴელსაბამი.
აკავშირებს ყელს შესაბმელთან და ხელს შესაბმელთან. მარცვალი "და" სულიერი წერის კანონებით უთითებს ენას. გამოდის ასეთი აზრი: ყელს მიბმული, ხელს მიბმული და ენას მიბმული. სწორედ ამ მიბმულობის გამო ამბობს შავთელი სწავლა დაებმის... ენითაო!
სიტყვაა ღმერთი, ამ ღმერთის წიაღში ინფორმაციულად იმდენად დიდი სიბრძნეა, რომ მას შეიძლება ეწოდოს: მიუწვდომელი, უფსკერო! მაგრამ ამ მიუწვდომელსაც აქვს თავისი ფაზა, როცა მიუწვდომელის მიწვდომას შემეცნებით უნდა შევეჭიდოთ, ამ დროს ის სწავლით დაებმის და სწორედ ამას ჰქვია დასაბამი.
ჩამოვყალიბდეთ სრულ პასუხში: "დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ" ეს ფრაზა წმიდა წერილისაა, რომელიც თვითონ უთითებს წერილის წერის ორ მექანიზმს: წიგნი ნაწერი მელნითა და წიგნი ნაწერი სულითა. მელნით ნაწერი ხორციელებას პასუხობს, ხოლო სულით ნაწერი სულიერებას. მელნით ნაწერმა დასაბამი დასაწყისად გვაუწყა. მაგრამ წერილი ამბობს:
"მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა"
(რომაელთა 7-4).
სულით ნაწერის მისაღებად პირველი ნაბიჯი მელნით ნაწერისაგან მოკვდომაა. სულიერი პასუხით დასაბამი სიბრძნის შეცნობის საწყისს აღნიშნავს, მას აქვს პირობითი საწყისები:
1. როცა არსთა სამყაროს უხილავი სიბრძნე დაებმის ფურცელზე და ამ დასაბამს ასრულებს ბიბლიური ტერმინით "მთესვარი", რომელმაც არსთა სამყაროს სიბრძნის მარცვალი დათესა ფურცელზე.
2. დასაბამია ისიც, როდესაც ჩვენ "მთესვარის“ შრომაში შევალთ, ანუ ფურცელზე დათესილ სიბრძნეს გონებაში მივცემთ დასაბამს. ამის გამკეთემელს ქვია დათესილი სიბრძნის ნაყოფის მიმღები, ანუ "მომკალი".
ასე რომ ჩვენ უწინდელი დასაბამის ახალ დასაბამს ველოდებით, ახალ დასაბამად უნდა მოვიმკათ ის, რაც ჩვენ არ დაგვითესია. ალბათ გაგახსენდათ მთესვარისა და მომკალის იგავი. ჩვენ დასაბამი გვეგონა სამყაროს დასაწყისი წერტილი, ამიტომ ვამბობთ სამყარო შექმნილია, წერილი გვეუბნება:
"აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა"
(გამოცხადება 21-3)
"და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს"
(გამოცხადება 21-4)
ყველას უნდა ესმოდეს კარგად, რომ მეორედ მოსვლის უფალი დაიმკვიდრებს კაცთა თანა, მოსწმენდს ცრემლს, აღარ იქნება სიკვდილი. მაგრამ საყურადღებოა შემდგომ რა წერია:
"უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე"
(გამოცხადება 22-5).
განანათლეს ნიშნავს განათლებას, იმ განათლებაზეა საუბარი, რომელიც დასაბამად სწავლით დაებმის. ეს განათლება იძლევა უკვდავების წყალს ანუ მარადიულ სუფევას. ამიტომ წერია სუფევდნენ უკუნითი უკუნისამდე.
ახლა კი უკვე საჭირო ხდება გავარკვიოთ რას ნიშნავს უკუნითი უკუნისამდე. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება:
უკუნითი -- სამუდამოდ, სამარადისოდ
უკუნისამდე -- სამუდამოდ, სამარადისოდ
თუ უკუნისამდე ნიშნავს სამარადისოს, მაშინ ხომ შეიძლებოდა დაეწერათ სუფევდნენ უკუნისამდე? რატომ წერია სუფევდნენ უკუნითი უკუნისამდე? რატომ აღმატებულად? უფრო დამაჯერებელი რომ იყოს მარადიულობაზე მითითება? ამის გასარკვევად მოგვიწევს უფრო ღრმა ანალიზით საკითხის შესწავლა.
მარადისობა არის ერთად აღებული წარსული, აწმყო და მომავალი. მარადისობა აღნიშნული აღმოჩნდა სიტყვებით: უკუნითი, უკუნისამდე, საუკუნო (ცხორება). ამ სიტყვათა ფუძე არის „უკუნ“, ისმის კითხვა: რატომ გვითითებს ეს ფუძე უკუნ ანუ უკანა მხარეს? რატომ უნდა მოისაზრებდეს აწმყოს და მომავალს ასეთი ფუძის სიტყვა? თუ ვინმეს ჰგონია უკუნ ფუძის დაკავშირება უკანა მხარესთან ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ წმიდა წერილიდან გავიხსენოთ: ღვინით მთვრალ და გაშიშვლებულ ნოესთან სემი და იაფეთი შევიდნენ:
"ზურგ უკუნქცევით" (დაბადება 9-23).
ასევე გავიხსენოთ იესოს სიტყვები:
"წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა" (მათე 4-10).
უკუნ უკანა მხარეს აღნიშნავს. ამ საკითხში უფრო მეტი დამაჯერებლობა ეკლესიასტეს შემოაქვს (1თავი 4-10).
4 თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
5 აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
6 სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
7 ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან.
8 უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება.
9 რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
10 ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
დავუკვირდეთ ქვეყანა უცვლელია მარადიულადო! (ეკლესიასტე 1-4). ქვეყანა მარადიულია! ეს ფრაზა ძველ ქართულად (მცხეთური ხელნაწერები) ასე წერია:
"ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს".
სულხან საბა განმარტავს:
ჰგიეს - მყოფობს.
ეს ნიშნავს: ქვეყანა მარადიულად მყოფადია. უცვლელობა არ შეიძლება გამოვიყენოთ მახასიათებლად. სამყარო და ქვეყანა ცვალებადია, მუდმივ ფერიცვალებადი, მაგრამ ეს ცვალებადი მაინც მარადიულად მყოფადიაო. ციტატის ბოლო ფრაზა ძველ ქართულადაც ვაჩვენოთ:
"და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა"
(ეკლესიასტე 1-10)
არაფერი არ იქნება ახალი, მოხდება ის, რაც ყოფილა უწინარეს საუკუნეთა. ე. ი. რაც მომხდარა იგივე მოხდება, ისე რომ არაფერი მოხდება მომავალში ახალი. აი კიდევ ერთი მარადიულობის დასტური! გავაანალიზოთ რა შემთხვევაში შეიძლება ხდებოდეს ასე. დავუშვად ახლა არის შემოდგომა და ველოდებით ზამთარს, ვიმსჯელოთ წერილის მიხედვით: ზამთრის მოსვლა არ იქნება ახალი მოვლენაო, მოვა ზამთარი, რომელიც იყო უწინარეს შემოდგომისაო. შემოდგომამდე უკან გზაზე გამოვლილ ზამთარი მოისაზრება. ჩვენ ასეთი მსჯელობა არც კი გვიკვირს, რადგან ვიცით წელიწადის ციკლურობა. მაგრამ კაცობრიობამ არ იცის გაცილებით უფრო დიდი ციკლი: დასაბამად ქმნილი ცა და ქვეყნიდან, ახალ ცა და ქვეყნამდე. განვიხილოთ უფრო დაწვრილებით:
გავიხსენოთ აბსცისათა წელთაღრიცხვის ღერძი, გამოვსახოთ ამ ღერძზე დასაბამი, გამოვსახოთ 2020 წელი, ასევე მომავალში მოსახდენი ქვეყნიერების დასასრული