ედენა (ედემი) - ოთხი მდინარის სათავის მომცემი მთა
მამა ავთანდილ გიორგობიანი - სოფელ ფუტიეთში არსებულ ფუსტელთა სკოლა-მუზეუმის წინამძღვარი, ფაზისის აკადემიის რაჭის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბოფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი.
გიული შალიკაშვილი - სოფელ ფუტიეთში არსებულ ფუსტელთა სკოლა-მუზეუმის ხალხური მართლმადიდებლური ფოლკლორის, "ედენა"-ს დამფუძნებელი. პოეტი, ხატმწერი, ფოლკლორისტი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი.
წარმოგიდგენთ მამა ავთანდილის ნაშრომს, რომელიც სხვადასხვა პუბლიკაციებიდან შეერთებული მასალაა.
ქართული ისტორიული ყოფის მიმართ დღეს არნახულად გაძლიერდა ინტერესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ენათმეცნიერები, არქეოლოგები, გენეტიკოსები, თეოლოგები, ანტროპოლოგები და სხვ. კაცობრიობის ისტორიის საწყისი ძირების ძიებისას აქეთ პოულობენ მანიშნებლებს. დმანისელი ზეზვა და მზია, საყდრისის ოქროს საბადო, ქვემო ქართლის რვაათასწლიანი ქვევრი და ყურძნის წიპწები, ბორჯომის ხეობის მეფუტკრეობა, ჭიათურის ძაძუნას გამოქვაბულის ქსოვილი, მეტალურგიის კერების მნიშვნელოვანი აღმოჩენები და ბოლოს საქართველო ღვინის აკვანი და სხვა. სერიოზულად აყენებს საკითხს იმის თაობაზე, თუ სად უნდა ვეძებოთ ადამიანის პირველი სამკვიდრო დედამიწაზე. ბიბლიის მონაცემების კვლევებისას, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო წრეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბიბლიის სემიტურ (ებრაულ), დღემდე ცნობილ, ვარიანტს ეძებნება წინამორბედი რეალობები ქალდეურ-შუმერულ სამყაროში. იმ ქალდეურ-შუმერულ სამყაროში, რომელიც ასევე მსოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებულია, როგორც "მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი." საერთოდ, ამ დიდი საკაცობრიო საწყისი ცივილიზაციის არეალი მოიცავდა მთელს ახლოაღმოსავლეთს, რომლის საზღვრებში ამიერკავკასია და თავისთავად ცხადია საქართველოც შედის. რუსულ-იმპერიულ პერიოდში და განსაკუთრებით კი კომუნისტურ პერიოდში არსებული კარჩაკეტილი სასაზღვრო მიჯნის გამო, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებისათვის მიუწვდომელი იყო ამერკავკასის და საერთოდ საქართველოს კულტურული არეალი, რამაც სერიოზულად დააზარალა ჩვენი ისტორიისა და კულტურის აღქმა საერთაშორისო სივრცეში. ამის ერთი მაგალითია ცნობილი არქეოლოგის შლიმანის შემთხვევაც, რომელსაც ტროას გათხრების შემდეგ დაებადა სურვილი არქეოლოგიური ძიებანი ეწარმოებინა საქართველოში, კონკრეტულად კი, ისტორიულ კოლხეთში. რაზედაც მან წერილობითი ნებართვა ითხოვა მეფის რუსეთისაგან და კატეგორიული უარი მიიღო. რა თქმა უნდა, იმპერიას არ აწყობდა მის მიერ დაპყრობილი ქართველი ერის დიდი ისტორიული კულტურის წარმოჩინება მსოფლიოს წინაშე. სამწუხაროდ, ეს იმპერიული პოლიტიკა არც კომუნისტურ-უღვთო პერიოდში შეცვლილა. პირიქით, ამ პერიოდმა ამასთან ერთად მოსპო საღვთო კულტურის მეცნერების ფუნდამენტიც, რაც მძიმე მემკვიდრეობად გვაქვს დღემდე, როგორც ეროვნულ მეცნიერულ-საგანმანათლებლო, რელიგიურ, ასევე კულტურის საქმეშიც. საღვთო კულტურის ისტორიის მეცნიერების არარსებობა განპირობებული იყო კომუნისტური ათეისტურ-მატერიალისტური მეცნიერული მსოფლმხედველობის გაბატონებით. რომელიც ჩანასახშივე კლავდა ამ მიმართულებით, არამთუ მეცნიერების განვითარებას, არამედ აზროვნებასაც კი. ბუნებრივია, ამან მძიმე და გამოუსწორებელი დაღი დაასვა ჩვენს ეროვნულ ყოფას და განსაკუთრებით რელიგიურს. ამან განაპირობა დამღუპველი პარადოქსული რეალობა, მსოფლიოში სწორუპოვარი საღვთო კულტურის ისტორიული მემკვიდრეობა და მასზე არავითარი წარმოდგენა ეროვნულ ცნობიერებაში. ამის შედეგია ისიც, რომ ორასი წლის წინ დაწყებული ეროვნული საღვთო კულტურის ცნობიერების ეკლესიის მოსპობამ თავი გაიტანა და დღემდე შეუფერხებლად აგრძელებს არსებობას, თითქოსდა ეროვნულ-დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის პირობებშიც. ეროვნული საღვთო კულტურის ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენის ყოველი მცდელობა მკაცრი რეაგირების და კონტროლის ქვეშ არის ეკლესიისაგან. ამის სამაგალითოდ მოგიყვანთ შემდეგს: წლების წინ, როცა მე მღვდლად ვიყავი ნიკორწმინდის ტაძარში, 1997-2003 წლებში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარეში, წარმატებით აღვადგინეთ "ფუსტობის" ჩატარების, კაცობრიობის თანაასაკის, ეროვნული საღვთო კულტურა, რამაც ეროვნული სარწმუნოებრივი ყოფიერებისაკენ მკვეთრად შემოაბრუნა მრევლი. შეიქმნა სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები, ტაბუ მოეხსნა და ცნობილი გახდა 1819-1820 წ.წ. რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ომი და მისი გმირები. გასაგები გახდა ისიც, თუ რა როლი შეასრულეს "ფუსტებმა" ამ ომში და, საერთოდ, რა ისტორიული ფუნქცია ჰქონდა ამ ტრადიციის სახით რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარეს იმ შორეულ ისტორიულ წარსულში, მაშინაც კი, როცა „მსოფლიო ცივილიზაციის აკვნის“ ქვეყნების საღვთო კულტურის საცავ-გადამნახველები ვიყავით ედენას სახით. დღემდე არსებულმა ანტიეროვნულმა ეკლესიურმა ფარულმა ზემოქმედებამ განაპირობა ის, რომ "ფუსტობა" აიკრძალა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, რადგან იგი გამოხატავს იმ ისტორიული საღვთო კულტურულ ყოფას, რაც დამახასიათებელი იყო ამ მხარისათვის. "სიწმინდეთა მოძიების და დაცვის საპატრიარქოს განყოფილების" - ეპისკოპოსმა, ელისე ჯოხაძემ, რომელიც აგრეთვე ამ ტრადიციის ერთ-ერთი ისტორიული რეგიონის, ნიკორწმინდის ეპისკოპოსიც იყო, ფუსტობა - "პუსტა-პუსტად" შერაცხა. აი, რა კატასტროფამდე მიგვიყვანა ეროვნული საღვთო კულტურის ცნობიერების ეკლესიის ჩანაცვლებამ იმპერიული "ერთმოწმუნულით".
მოხდა ისე, რომ გარდაიცვალა "პუსტა-პუსტას" შემთხზველი მეუფე, მის მაგივრად მოსკოვიდან მოვლენილმა ერარქმაც, ვახტანგ ლიპარტელიანმაც, არ დააყოვნა და "ფუსტობის" მაგივრად, სსრკ-ს დროს კომუნისტური ცეკ-ას დავალებით, "წარსულის მავნე რელიგიური გადმონაშთების საწინააღმდეგოდ" შექმნილი, "წითელი მეცნიერების" ხელოვნურად გამოგონილი: "ფუძემზეობა" გახადა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დღესასწაული. რა თქმა უნდა, ამის ძირითადი მიზანია, არ გაცოცხლდეს ჩვენი ეროვნული უძველესი და უნიკალური საღვთო კულტურული ფესვები. წლებია 2015,16,17 წ. "ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლოვანი იუბილე" ამ კომუნისტური ანტირელიგიური მარაზმით აღინიშნება. მაშინ როცა, კრინტსაც არავინ ძრავს ორწლიან საეკლესიო ომზე, რომლის ეპიცენტრი იყო ნიკორწმინდის ეპარქია და მისი დამწყები კი, ამ ტაძრის მნათე გლახუნა დონაძე. უნდა შეგახსენოთ, ჩვენი ეროვნული გმირის და წინამძღოლის, ზვიად გამსახურდიას, შემდეგი სიტყვები: "ჭეშმარიტი სარწმუნოება მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია." "ჭეშმარიტი რელიგიის აღდგენაში" - უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ ორასი წლის წინ იმპერიის მიერ მოსპობილი ეროვნული საღვთო კულტურის კვლავ აღდგენა ჩვენს ეროვნულ სარწმუნოებრივ ცნობიერებაში.
ამ წიგნის ("ფუსტები - ქართული სამხედრო-საეკლესიო რაინდთა ორდენი" თბ. 2010 წ) უმთავრესი მიზანია ქართველ ერს კვლავ დაუბრუნოს ეროვნული მართმადიდებლური საღვთო კულტურის აღქმის უნარი და გაცნობიერებინოს ის საკაცობრიო ფასეულობის საღვთო კულტურა, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს და რომელიც დღემდე „მსოფლიო ცივილიზაციის აკვნის“ საცავ-მემკვიდრეთ გვაღიარებს ედენას სახით. რომელსაც დღემდე ანტიეროვნული მოღალატური ძალების ქმედებით, მცდარად არარატის (ურარტუ) მთიანეთისკენ ამისამართებენ და არა იქ, სადაც მისი ჭეშმარიტი მდებარეობაა - ცენტრალურ კავკასიონზე. წიგნის მიზანია, ობიექტურ მეცნიერულ არგუმენტებზე დაყრდნობით, ქართულ მათმადიდებლურ მრევლში შეიტანოს ორასი წლის წინ მოსპობილი ეროვნული საღვთო კულტურის ისტორიის ჭეშმარიტი ცოდნა. ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც ამ ბრძოლაში გვერდში დაუდგება ქართველ ერს, რომელი ცოდნის გარეშეც, ვერ მიიღწევა "იბერიის გაბრწყინება" და, მითუმეტეს, "ქართველი ერის სულიერი მისიის" აღსრულება.
ედენა (ედემი) - ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა და საკუთრებაა
"აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემში"
(დაბ. 2-15)
ძველი შუამდინარეთის ისტორიის მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები: ფრანსუა ტიურო-დანაუვნი, არნო პიობელი, ადამ ფოლკენშტენი, ფრანსუა ნოას კრამერი, არიან ის მეცნიერები, რომლებმაც შექმნეს ახლოაღმოსავლეთის კულტურის ისტორიის ცოდნის ფუნდამენტი. 1971 წელს ამერიკაში გამოვიდა მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული შუმეროლოგი მეცნიერის, სემიუელ ნოა კრამერის, წიგნი "ცივილიზაციის აკვანი". არსებითად, დღემდე მსოფლიოს წამყვან მეცნიერულ წრეებში გაბატონებულია კრამერის ეს მოსაზრება, რომელიც შუმერულ სამყაროს "მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად" აღიარებს. [1 - გვ. 7] ამასთან, უნდა ითქვას, რომ უცხოელმა მეცნიერებმა, ბევრ ბიბლიურ სიუჟეტს წინამორბედი პარალელები უპოვეს შუამდინარულ სინამდვილეში: წარღვნა (1 - გვ.186); მკვდრეთით აღდგომა (1- გვ. 191); ედენა ანუ ედემი, იგივე სამოთხე (1- გვ. 182); პირველი იობი (1-გვ.- 144) საულის მიერ სამუილის გამოხმობა (1-გვ. 192); მოსეს კალათაში ჩასმა (2-გვ.274-293) პირველი წმ. გიორგი (1-გვ.216); ბაბილონის გოდოლი და სხვა. ამის შემდგომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის საინტერესო ძიების ობიექტად იქცა იმის დადგენა, თუ სად მდებარეობდა ედენა ანუ სამოთხე. ეხება რა ედენას იდეას, კრამერი სწერს: - "უპირველეს ყოვლისა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ თვით იდეა სამოთხისა - ღმერთის ბაღისა, - შუმერში ჩაისახა. შუამდინარული ედენა (სამოთხე) მდებარეობდა ქვეყანა დილმუნში". (1-გვ. 225) რომელიც ასევე კრამერის ვარაუდით –"ალბათ ირანის სამხრეთ-დასავლეთით უნდა ყოფილიყო"(1-გვ. 180) მაგრამ მეცნიერების უმეტესობა ედენას მდებარეობას ვარაუდობდა იქ, სადაც სათავეს იღებს უდიდესი მდინარეები, ევფრატი, ტიგროსი, მტკვარი და არაქსი. თუ სად მდებარეობდა "ეს ღვთაებათა სამყოფი", შუმერული ედენა, რომელსაც მოგვიანებით ებრაელებმა ედემი უწოდეს (1-გვ229; 2-გვ.19), გაურკვეველი იყო და ვარაუდების დონეზე რჩებოდა. ამის გარკვევას ართულებდა ის, რომ შუმერულ წყაროებში დასახელებულია კონკრეტული ედენას მთა, საიდანაც ოთხი მდინარე გამოედინება.(1- გვ182) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეცნიერთა უმეტესობამ ედენას ძიებისას აქცენტი რატომღაც არარატის (ურარტუ) 300 კილომეტრიან დიამეტრის მთიანეთზე გააკეთა, სადაც ერთმანეთისაგან დაშორებული ადგილებიდან სათავეს იღებდა: ევფრატი, ტიგროსი, მტკვარი და არაქსი. მათი ამ ვარაუდის ჭეშმარიტებას არღვევდა ის, რომ ამ რეგიონიდან ამ მდინარეთა გარდა, კიდევ ორი მდინარე: ღალისი და ჭოროხიც იღებდა სათავეს. ამ ვარაუდს ისიც არღვევს, რომ ეს მდინარეები ერთი მთიდან არ გამოედინება და ძალიან დიდი მანძილით არიან ერთმანეთისაგან დაშორებული. გარდა ამისა, იყო კიდევ სხვა ფაქტებიც, რომლებიც სასოწარკვეთილებაში აგდებდა მეცნიერებს. მე მინდა მოვიყვანო მაგალითი ცნობილი მეცნიერისა, ვ.ი. იაკობსონისა, რომელმაც გამოაქვეყნა ანგარიში თავისი შრომებისა. ეს ანგარიში მოხვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში (1988 წ.). მე ვნახე მისი ნაშრომი და უნდა აღვნიშნო, რომ იქ წერს: არცერთი ის მონაცემი, რომელიც ედენას მდებარეობას აქ უნდა ადასტურებდეს და არის შუმერულ წყაროებში, არსად არ დასტურდება. წერს იმასაც, მაგრამ რა ვქნათო!? ჩვენ უფრო რეალურ ადგილს დედამიწის ზურგზე სხვაგან ვერსად ვერ ვხედავთო.
ახლა, თავისთავად, ისმის კითხვა, არსებობს ასეთი რეალური ადგილი, შუმერულ წყაროებში აღწერილი, რომელიც შეიძლება პასუხობდეს იმ მონაცემებს? დასახელებით, ტოპონიმიკით, ისტორიული თვალსაზრისით, რელიგიური ფაქტებით და ა. შ. რადგან ვერ დაადასტურეს, მეცნიერებმა ვერ შეძლეს ედემი (ედენა) ურარტუს მთიანეთში ეღიარებინათ. ამიტომ წარმოიშვა აზრი, რომ ეს არარსებული მითიური ადგილია. ამან საფუძველი შეუქმნა საყოველთაო მცდარ მეცნიერულ განმარტებას, რომელიც ენციკლოპედიურ ლიტერატურაშიც კი ასე დამკვიდრდა:
- "ედემი - ძვ. ებრაული, წარმოდგება შუმერული ედენა-საგან, ბიბლიური ტრადიციით ადამიანის პირველსამყოფელი - სამოთხე. აქ იღებდა სათავეს ოთხი მდინარე. რეალურად ედენას, როგორც გეოგრაფიული პუნქტის, ლოკალიზაცია შეუძლებელია. ძვ. ქართულ წყაროებში, ჩვეულებრივ, ედენას აღსანიშნავად იხმარება სამოთხე. ედენა - სავარაუდოდ ნასესხებია ბერძნულიდან და გადატანით ნიშნავს „მადლით მოსილ ადგილს დედამიწაზე" (საბჭოთა ენციკლოპედია 4 ტ. - გვ. 27).
იგივე გვერდზე ჩამოვალთ ცოტა უფრო ქვემოთ და წერია:
ედენა - მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, სიმაღლე 3951 მ., შემდეგ მიწერილი აქვს მისი გეოლოგიური მახასიათებლები.
შემდეგ, კიდევ უფრო ქვემოთ ენციკლოპედიაში წერია:
ედენა - მყინვარი ცენტრალურ კავკასიონზე, მისი ფართია 5,6 კვ. კმ.
აი, ფაქტებიც, მე დაბეჯითებით ვამბობ, რომ ედენა არსებობს. ახლა კი შევხედოთ არის თუ არა მყინვარის ეს მასივი ოთხი მდინარის გამოდინების ადგილი? დიახ, ზუსტად ასეა და კარგად ჩანს კიდეც ნახაზზე (იხ. ნახ 1).