ვენაჴი

  (გზა ადამიდან ქრისტემდე)  



ქართველებს ისევ ჩვენი ვენახი გადაგვარჩენს, არც თუ ისე იშვიათად გვსმენია ეს აზრი. მტერი გამორჩეულად გვიწვავდა წიგნებს და გვიჩეხდა ვენახს, მაგრამ ქართველ კაცს ვენახის მიმართ მზრუნველობა და სიყვარული სულ ჰქონდა. ჩვენ შევეცდებით ავხსნათ, თუ რა დიდ საიდუმლოს იტევს ბიბლიური ვენახი.

დავიწყოთ იმით, თუ რას ამბობს უფალი: 

"მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს". 

იოვანე 15-1) 

ვინც კარგად იცნობს წმიდა წერილს, ალბათ დამეთანხმება: მხოლოდ ვენახი არის ერთადერთი ხე, რომელსაც კონკრეტიკაში უჩანს, რომ "მოქმედი" მისი ანუ შემოქმედი და დამნერგველი არის მამა ზეციერი. თეორიულად ყოველივეს მოქმედი და შემოქმედი მამაა, მაგრამ წმიდა წერილით მოცემული მამისგან მოვლინებული ერთადერთი განსაკუთრებული ხე არის ვენახი. ზუსტად ამის გამო მამისგან მოვლინებული ძე ამბობს, რომ "მე ვარ ვენახი".  პირველ ეტაპზე განვავითაროთ მსჯელობა არა სულიერი, არამედ ხორციელი კუთხით, ლოგიკითა და თანმიმდევრული ანალიზით. სიტყვა ვენახის წარმოთქმისას თუ დავფიქრებულვართ, ამ სიტყვის წარმოთქმის ასეთ ინტერპეტაციაზე ვ-ენა-ხის? ხომ აშკარად ჩანს ამ სიტყვაში ხე, თანაც ეს ხე განსაკუთრებული ხეა იმით, რომ ის მამა მოქმედმა მოგვივლინა, რომელზედაც ძე ღმერთი კონკრეტულად ამბობს მე ვარო! დიახ, ვენახი ვარო! სწორედ ეს ხე არის ის ერთადერთი განსაკუთრებული ხე, რომლის ნაყოფიც იძლევა ასევე ერთადერთ საზიარებელ სასმელს - ღვინოს. უფლის მოძღვრებასთან ზიარება მხოლოდ ამ ხის ნაყოფიდან მიღებული ღვინით შეიძლება. კარგად დავფიქრდეთ ეს ხე, ის ერთადერთი განსაკუთრებული ხე ხომ არ არის დაბადების წიგნი რომ გვამცნებს: ედემის ბაღში არის ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა? გავავლოთ პარალელები: "ხე ცნობადისა" აქ შემეცნებაზეა საუბარი, დიახ, შემეცნების პროცესი. ეს კარგად ჩანს თვით წმიდა წერილში. ღმერთმა იცოდა, როცა შეჭამდნენ ადამი და ევა გაეხილებოდათ თვალი და გახდებოდნენ: 

"მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა". 

(დაბადება 3-5) 

ერთი მხრივ ხე ცნობადისა მომცემი მეცნიერების! მეორეს მხრივ, ამ ხისგან მომზადებული ღვინო მოძღვრებასთან საზიარებელი, კვლავ შემეცნებისა და სწავლა-ზიარების პროცესი. სწორედ ერთი და იგივეა ღვინით ზიარება და ხე ცნობადისა. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს, როგორ კავშირდება ხე და შემეცნება? პასუხი ვენახს თვითონვე აქვს - ხის წინ ფიგურირებს "ენა". ეს ენა იმ სიცოცხლის ხის ენაა, რომელიც განაპირობებს ენით მოცემულ სწავლებას კეთილისა და ბოროტის შესახებ (ხომ იგივეს გვამცნობს ქართული ენის წიაღი: სიბრძნე სიცრუისა, იგავ არა-კი, ჭ-ეშმა-რიტება, ხე ცნობადი კეთილისა და ბოროტისა). აქ დასაბამიდან ერთად არსებული ორი ცნობიერების - კეთილისა და ბოროტის ცნობადობაზეა საუბარი. ამ ცნობიერებათა ცნობადობაზე ზიარების ერთადერთი სასმელი ვენახიდან მიღებული ღვინოა. შესაბამისად, მხოლოდ ვენახია ის ხე, რომელიც ედემის ბაღში განსაკუთრებულ ხედ მოიხსენიება. ჩვენი მტკიცებულების მთავარი აზრი ასეთია: სამოთხის ბაღში არსებული განსაკუთრებული ხე არის ვენახი! რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის აკრძალული ამ ხის ნაყოფის ჭამა, ამაზე ცოტაოდენ მოგვიანებით. ამ ხის განსაკუთრებულობა ჩანს წარღვნის შემდეგაც. კიდობნიდან გამოსული ნოეს პირველი ქმედება მიწასთან ასეთია: 

"და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუაყანისა და დაასხა ვენაჴი". 

(დაბ. 9-20) 

სიმართლე ჯიუტია! აი, ასე ჩანს: ედემშივე - ვენახი, წარღვნის შემდეგ - ვენახი, ძე ღმერთი - ვენახი, ჯვარცმის შემდეგ საზიარებელი ღვინო და ისიც - ვენახიდან. გავაგრძელოთ ანალიზი: მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვეუბნება საქართველო ვაზისა და ვენახის სამშობლოაო! ეს ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ სხვის გასაგონად გვჭირდება: ბიბლიურ ვენახთან ხომ უნდა გავავლოთ ქართული პარალელები! საჭიროა უფრო მეტი ღრმა ანალიზი ბიბლიური წერილის წერისა. ამის გამო მოვიყვან მაგალითებს წმიდა წერილიდან, უფრო სწორად, ზოგიერთი ციტატის ფრაგმენტებს გაგაცნობთ:


"დავჰნერგე ვენაჴი" 

 (ესაია 5-2) 

"მე დაგნერგე შენ ვენაჴი'

 (იერემია 2-21) 

"დაუტეო ვენახი ჩემი და არცა მოისხლას და არცა მოითოჴნოს“ 

(ესაია 5-6) 

"ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას". 

(იოანე 15-2) 

"რომელმან მოიღოს ნაყოფი, განიწმინდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს"

 (იოვანე 15-2). 

"მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნახელსა მას." 

(გამოცხადება 14-19) 


წმიდა წერილი უფრო მეტად არის გაჯერებული ვენახთან და ღვინოსთან მიმართებაში, შესაბამისად უფრო მეტი მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ამ ეტაპზე საკმარისია ეს ფრაგმენტებიც. დავუკვირდეთ თანმიმდევრობას: ვენახის დანერგვა, გათოხვნა, გასხვლა, ნასხლევის (ლერწის) ცეცხლში დაწვა, საწნახელი, ყურძნის დაწურვა.


ვენახი არ ითესება, არამედ ინერგება! წმიდა წერილი ამას გვეუბნება: "ახალნერგი“ (ესაია 5-7) ვენახს ხომ მიწის გაფხვიერება უნდა ყოველწლიურად (გათოხვნა), გასხვლის გარეშე მისი მოსავლიანობა ხომ სათანადო არ იქნება. წმიდა წერილს ისეთი წვრილმანი ნიუანსიც არ გამორჩენია, როგორც არის გასხლული ლერწის ცეცხლში დაწვა. გავიხსენოთ ძველი წარმართული რიტუალი ჭიაკოკონობა. საწნახელი კი სულ მთლად გვირგვინია მევენახეობის პროცესის წმიდა წერილით ჩვენებისა. განა გასაკვირი არ არის, როგორ მოხვდა მთელი ეს პროცესი „არაქართული“ შემოქმედების წიგნში? დიახ, ბუნებრივადაც ისმის კითხვა: თუ საქართველო მეღვინეობა-მევენახეობის დედა-სამშობლოა, როგორ აღმოჩნდა მთელი ეს პროცესი, მცირედი ნიუანსებითაც კი, აღწერილი იმ წიგნში, რომელსაც ქართველთა წიგნად არ თვლიან? მით უმეტეს მართლმადიდებლური სწავლების ძირეული წიგნი კატეხიზმო დამაჯერებელი სიზუსტით გვასწავლის: "ძველი აღთქმის საღმრთო წერილის ყველა წიგნი დაწერილია ებრაულად“, რაღაც ძალზე დიდი შეუთავსებლობაა: ებრაელებმა დაწერეს წიგნი და იქ ჩაწერეს ისეთი რამ, რაც არ იცოდნენ. არადა, ყველამ იცის, რომ არ არის ვენახი და ღვინო მათი, სწორედ ამას მოწმობს ძველი აღთქმა, იქ არის მიმართვა ისრაელის მიმართ: 


"რათა ისწაოთ და ჰყოთ ესე ქუეყანასა მას, რომელსა-იგი თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად მუნ“ 

(II სჯული 6-1), 

"ისმინე, ისრაჱლ"

 (II სჯული 6-3), 

"გესმოდენ ისრაჱლსა"

 (II სჯული 6-4), 

"ვენაჴებისა მის და ზეთისხილებისა, რომელ არა შენ დაჰნერგენ.“ 

(II სქული 6-11)


წმიდა წერილი გვეუბნება - ვენახი მათი დანერგილი არ არის! ცივილიზებული მსოფლიო კი ამბობს - ვენახი დედა საქართველოსია, პირდაპირ საოცარია, სუფთად ქართული კულტურა და ცნობიერება, როგორ აღმოჩნდა ებრაელთაგან ჩაწერილი "არაქართულ წიგნში"? ქართველთათვის ყველაზე ცუდ ვარიანტში, წერილის დამწერ ებრაელ ავტორს მინიმუმ ქართველისაგან ნაკარნახები უჩანს ასეთი რამის დაწერა.


თუ მოძღვრებას მოვუსმენთ, აქაც მართლმადიდებლური კატეხიზმო აჟღერებს ასეთ რამეს: "სული წმიდა უცხადებდა ხოლმე მოციქულებს და წინასწარმეტყველებს იმას, რაც სრულიად არ იცოდნენ“. კარგით, მივიღოთ ეს ასე. თუ მწერალმა არ იცოდა, ღმერთმა ხომ იცოდა? თუ მწერალმა არ იცოდა, რომელი ერის ცნობიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს გადმოცემდა, ღმერთმა ხომ იცოდა, რომელი ერის კუთვნილებას კარნახობდა? რომელი იყო ის ერი, რომელიც ვენახიდან მიღებულ ღვინოს ეთაყვანებოდა ოდითგანვე? და ახლაც ამავე ღვინოთი ჰყოფს ზიარებას და არა მარტო ზიარებას. იმ უძველეს დროში: კაცი, რომელიც ვენახს გააშენებდა, გათოხნიდა, გასხლავდა, აახვევდა, ყურძენს დაწურავდა საწნახელში და მისგან მიღებული ღვინით თუნდაც დათვრებოდა, რომელი ერის შვილი უნდა ყოფილიყო ის? რომელი ერისკენ იშვერს ხელს მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ამ კულტურის მემკვიდრეობაზე? აბა, ნოემ სხვა რა გააკეთა? წარღვნის შემდეგ მიწასთან შეხებაში პირველი, რაც იყო, ვენახი გააშენა, ვენახის გამშენებელს ჰქვია თუ არა მევენახე? ნოე რომ ებრაელი ყოფილიყო, მაშინ წმიდა წერილი ვერ გვეტყოდა: ვენახი ებრაელთაგან დანერგილი არ არისო! შემდეგ? ... შემდეგ დაითრო ნოე ღვინისგან. ე.ი. ის მთელი იმ შინაარსის გამტარებელია, რაც ამ კულტურას სჭირდება დანერგვიდან ღვინის მიღებამდე. მევენახე ნოე რომელი ერის შვილი უნდა იყოს? რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმ უძველეს დროს, რომელსაც ნოეს ეპოქა ჰქვია, თორემ ღვინოს ახლა ბევრი ერი ამზადებს, მათ შორის ხილის ღვინოებსაც. 


დადგა დრო განვიხილოთ რა არის ვენახი სულიერი გაგებით, მაგრამ ჯერ შევეხოთ ტერმინებს - "ვაზი" და "ვენახი". ვაზი წმიდა წერილში ერთხელაც არ არის ნახსენები, მხოლოდ ასე - ვენახი. თუ ენათმეცნიერული კუთხით შევხედავთ: ვენახის მოქმედი მამა ელოდება ნაყოფს ვენახიდან. რომელი უფრო სწორი ფორმაა - ვაზის ნაყოფი თუ ვენახის ნაყოფი? თან იესო იმას კი არ ამბობს "მე ვარ ვაზი", არამედ ვენახი. აშკარად ჩანს, რომ წერილის კოდირებულ წერას სჭირდება სიტყვა ვენახი და არა ვაზი. თან ისევ და ისევ წმიდა წერილში ეს სიტყვა ენათმენიერებისათვის დაუდგენელი ფორმით არის დაწერილი: არა 33-ე ხ-ხანით არამედ 34-ე ჴ-ხარით. აი, ასე: ვენაჴი. დავწეროთ ორივე სიტყვა და ვნახოთ რა სხვაობა გვაქვს: